Thursday 17 January 2013

XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ზოგიერთი მხატვრულ–სტილისტური თავისებურებანი




(ხახულის კარედი)

         ქართულ    მხატვრულ     კულტურაში   ოქრომჭედლობას   თვალსაჩინო    ადგილი    უჭირავს.    იგი   არქიტექტურასთან    ერთად     წამყვან    დარგად  გვევლინება     ქართულ    ხელოვნებაში.    მას   ძველი   დროიდან   მოყოლებული, დიდი     გამოყენება     ჰქონია.    შუა     საუკუნეების    საქართველოში ოქრომჭედლობის   დარგებიდან    ვითარდება   ჭედურობა,    როგორც    ფიგურის ქანდაკებრივი   გამოსახვის    საშუალება;   როგორც   გ. ჩუბინაშვილის ნაშრომებიდან არის   ცნობილი,     ქართული      ჭედურობის  ხელოვნებამ   პლასტიკური ფორმის განვითარების      თვალსაზრისით   მწვერვალს   X   საუკუნეში   მიაღწია.    XII საუკუნიდან     იცვლება   მხატვრული   სტილისტური   ტენდენცია.   ჩემი პრეზენტაციის    მიზანსაც    ქართული     ხელოვნების    XII საუკუნის   ოქრომჭედლობის   ნიმუშების  მაგალითზე  ზოგიერთი  სტილისტური  თავისებურების  წრმოჩენა შეადგენს.
      შუა  საუკუნეების,  კერძოდ,  XIIსს.   ქართულ   ჭედურ   ხატებს    შორის გამოიყოფა   დიდი      ზომის   კარედი    ხატი,   რომელიც   ცნობილია ხახულის ხატის   სახელწოდებით.     ღვთისმშობლის   ვედრების     ხატი   თავდაპირველად ხახულის   მონასტრის   საგანძურს    წარმოადგენდა,  რის   გამოც  ხატს  და  შემდეგში,   მთლიანად  მის   შესანახ   კარედსაც,   რომელიც   მოგვიანებით  გაუკეთდა,  ხახულის   ღვთისმშობლის სახელი ეწოდა.
      ხახულის  ღვთისმშობლის   ხატი   წარმოადგენს  დიდი   ზომის   კარედ ხატს, სწორკუთხა      ცენტრალური   ნაწილითა   და  ორი  კარით.  ცენტრალური  ნაწილის თავი  და  ბოლო   ამაღლებულია.  ზემოთ  მას  თაღოვანი  მოხაზულობა    აქვს, ქვემოთ  კი განიერი, ჰორიზონტალური ზოლის სახითაა მოცემული, მათ შორის კარებია ჩასმული,  რომელსაც ამის გამო ზედა ნაწილში ნახევარ რკალური მოხაზულობა აქვს. კარედი მთლიანად მოჭედილია ლითონით, მასზე ჭედურობით ფოთლოვანი ორნამენტია ამოყვანილი. კარედის მთელი არე მორთულია სხვადასხვა ზომის მინანქრის ჯვრებით, ძვირფასი ქვებითა და ჭედურობით შესრულებული გამჭვირვალე ვარდულებით. სამკაულები ორგანულადაა ჩართული კარედის მოჭედილობის ორნამენტის ნახატში,როგორც ფერთა მახვილები და კარედის მთელ არეზეა სიმეტრიულად განლაგებული, მათთვის საგანგებოდ გაკეთებულ ბუდეებში. ყველა სამკაული გარშემოვლებულია მარგალიტის ძაფით. მხატვრულადაა დამუშავებული ჩასასვენებელი ხატის ბუდის კიდეებიც. მის ოთხივე მხარეს მინანქრის ლორფინები და ძვირფასი ქვებია განლაგებული. ეს სამკაულები ჩარჩოსავით ფარგლავს ხატს და ორგანულად აერტებს მას კარედის მთელ არესთან. ღვთისმშობლს ხატის ორივე მხარეს განიერი რელიეფური ხაზით გამოყოფილი, ორნამენტული ზოლით ნახევარჭრეებია შემოხაზული. ამ ზოლზედაც ერთმანეთისაგან გარკვეული მანძილით დაშორებული, მინანქრის მედალიონები და ძვირფასი ქვებია განლაგებული. მათ შორის არე კი ჭედურობთ შესრულებული ორნამენტითაა შევსებული.
      კარედზე ძირითადი აქცენტი ჭედურობით შესრულებული ორნამენტის ნახატის განლაგებსა და შესრულებაზეა გადატანილი. ჭედურობით შესრულებული ორნამენტი, რომელიც მთლიანად ფარავს კარედის ზედაპირს, სტილიზებული ფოთლოვანი ორნამენტის ერთ–ერთ სახეობას წარმოადგენს. იგი  ქვედა ნაწილში იწყება და ზემოთკენ მემართება. ღეროების თავისუფალი დინება ფოთლების გარშემო ხვეულებს ქმნის წრეების სახით. ყოველი წრის შიგნით სხვადასხვა რაოდენობის სტილიზებული ფოთოლია მოთავსებული. ორნამენტი მთლიანად სადა ფონზეა ამოყვანილი. პუნსონი ნახმარია მხოლოდ ორივე კარის ქვედა არშიაზე მოთავსებული წარწერისათვის. ხატზე თაღის ქვეშ მოთავსებულია სამი დიდი მინანქრის ლორფინი. ცენტრალურ ლორფინზე გამოსახულია ტახტზე მჯდომარე ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მარცხენა ლორფინზე მთავარანგელოზი მიქაელი და მარჯვენაზე მთავარანგელოზი გაბრიელის მთლიანი ფიგურებია. მინანქარი სადა ზოლებითაა მოჩარჩოებული. ხატზე მოთავსებული მინანქრებიდან მთავარ და შინაარსობრივ აქცენტს წარმოადგენს დიდი ლორფინი მაცხოვრის გამოსახულებით. იგი ხატის მარჯვნივ, კუთხეშია მოთვსებული.
     ყენიას აზრით კარედი მთლიანად მოჭედილია ორი ოსტატის მიერ. ერთს
ეკუთვნის მარცხენა კარისა და ცენტრალური არის ყმეტესი ნაწილის–ზედა ჩარჩოს, ფონის ზედა ნახევარწრიული არისა და ხატის მარცხენა ნაწილის დამუშავება. მეორე ოსტატის მიერ კი შესრულებულია მარჯვენა კარი, ხატის მარჯვენა და მისი ქვემოთა არე და ჩარჩო. ოსტატის ძირითადი მიზანია კარედის ორნამეტით მოჭედვა. ეს მიზანი მთელი სიცხადით ვლინდება კარების დამუშავებაში. ეს ორი ოსტატი შემოქმედებითი ხასიათითა და მხატვრული გემოვნებით ერთმანეთსაგან განსხვავდებიან. მარჯვენა კარის ოსტტისათვის მთავარია წინასწარ გააზრებული კომპოზიციის მაალი ტექნიკური ოსტატობით შესრულება– მარცხენა კარის ოსტატი კი, შემოქმედებითი  ფანტაზიით გატაცებული, ჰქმნის და ასრულებს ერთდროულად. მაგრამ, ორივე ემორჩილება  ერთ იდეას– დეკორატიული და მდიდარი ეფექტის შექმნის სურვილს. ორივე ცდილორს, რაც შეიძლება მეტი დეკორატიული ელფერი მისცეს თავის ნაწილს. ორივეს წინა პლანზე წამოწეული აქვს ნაწარმოების მხატვრული სახე, მისი მხატვრული გდაწყვეტა, ხოლო შემდეგ მისი ტექნიკური შესრულება.
(ბერთის სახარება)

     აღანიშნავია მეტად თავისებური მიდგომა მთელს კარედზე მინანქრის პატარა ხატების განაწილების დროს. ისინი ძირითადად გამოყენებულია მხატვრული ეფექტის გაძლიერების მიზნით. მინანქრებთან ერტად, კარედის საერთო კომპოზიციის შექმნისას, სათანადო ყურადღება დათმობილი აქვს ძვირფასი ქვების გადანაწილებას მთელ არეზე. ქვები განსაზღვრულია მინანქრებს შორის  დატოვებული შუალედების შესავსებად და მინანქრებსა და ჯვრების გარშემოა თავმოყრილი.
      ქართულ ჭედურ ხელოვნებაში ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატის სახითჩვენ გვაქვს დეკორატიული მიმართულების დასრულებული სახის საუკეთესო ნიმუში. ამ ძეგლზე მთელი სიცხადით აისახა ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი მიდრეკილება ორნამენტული დეკორის ძლიერი გამოვლენისა და რაც მთავარია, მისწრაფება მდიდრულ–დეკორატიული, ცხოველხატული ეფექტის შექმნისას. ამდენად ხახულის ხატი შეიძლება მივიჩნიოთ ეპოქისათვის დეკორატიული ტენდენციის გამოხატულებად.
        XII საუკუნის II ნახევარში დეკორატიულ ტენდენციასთან ერთად, შემოქმედის ყურადღებას იპყრობს კვლავ ადამიანის ფიგურის გამოსახვა, ამ პერიოდის ძეგლებია ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ შესრულებული ანჩისხატის ჩარჩოს, წყაროსთავისა ბერთის სახარების ყდების მოჭედილობანი. სამივე ძეგლი ორნამენტული დამუშავების ხასიათით განსხვავდება. ბეშქენი მონუმენტალისტი ხელოვანია. მის მიერ შესრულებული ბერთის სახარების ყდის ვედრების კომპოზიციაში: ტახტზე მჯდომარე ქრისტეს პოზა, მოძრაობა და მისი სკურპტურული ფორმები: დიადი, სადღესასწაულო და ამაღლებულია. მარიამისა და იოანეს ოდნავ დაგრძელებული ფიგურები პროპორციული და ბუნებრივია.  ბეშქენი  ტანსაცმლის ნაოჭების მხატვრულად გადმოცემის დიდი ოსტატია, სადა ფონზე მაღალი რელიეფით ამოყვანილი ფიგურები პლასტიკურად გააზრებული და მეტყველია. ბეშქენი ცდილობს თავის კომპოზიციაში ზომიერად შეიტანოს დეკორატიული ელემენტები– ორნამენტები და წარწერები. ეს თავისებურება უკავშირდება ეპოქის მხატვრულ ტენდენციებს: თუმცა გადამწყვეტ მნიშვნელობას მაინც რელიეფის პლასტიკურ გამომსახველობას ანიჭებს. შედარებით სხვაგვარადაა აგებული მისი მეორე კომპოზიცია–  ჯვარცმა. აქ იგი წარწერებსა და ორნამენტს იყენებს. ბექას ვედრების სცენის ფიგურები უფრო პატარებია ვიდრე ბეშქენისა, იგი მონუმენტალურ შთაბეჭდილებას ვეღარ ტოვებს. სამაგიეროდ ოსტატი უფრო კარგად გრძნობს დეკორატიულ ელემენტებს. იგი ადგილს წარწერებსა და ორნამენტს უთმობს. ჯვარცმის კომპოზიციაში კი პირიქიტ წარწერებს აღარ იყენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბექას მიერ შესრულებული ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობა. ჩარჩო თითქმის მთლიანად დეკორირებულია. ორნამენტში ჩასმული რამდენიმე ფიგურა რელიეფური ორნამენტისა და გრავირებული ჩუქურთმის ფონზე ძნელად იკითხება. მათ თითქმის დაუკარგავთ დამოუკიდებელი სახე. ძალზე დაგრძელებული პროპორციები, დახვეწილი და რაფინირებული ფორმები ფიგურებს არაბუნებრივ განწყობილებას უქმნის. სამგიეროდ, წმინდანთა და ანგელოზთა ნახევარფიგურები, რომლებიც სადა ფონზეა შესრულებული პლასტიკის ბრწყინვალე ნიმუშებია.
       ამ ძეგლებისგან განსხვავდება ამავე პერიოდის ძეგლის ტბეთის ოთხთავის მოჭედილობა. ტბეთის ფიგურები ბევრად უფრო თავისუფლადაა განთავსებული. ფიგურების გარშემო აქ გაცილებით მეტი სივრცეა, ხოლო მთელი ფონი მცენარეული ორნამენტითაა შევსებული. „ ჯვარცმის“ ფონის ორნამენტი ტბეთის ძეგლზე არამარტო დეკორატიული ელემენტია, როგორც ეს ანჩისხატზეა, არამედ იგი მთელი კომპოზიციის სტრუქტურულად აუცილებელი შემდგენელი ნაწილია. წყაროსთავისათვის დამახასიათებელია ფორმათა გამოცალკავება, განკერძოება,ხოლო ტბეთის ყდისათვის–ფორმათა ურთიერთდაკავშირება, ურთიერთშერწყმა. მათ ასევე აქვთ საერთო ნიშანიც  ორნამენტის ძირითადი ელემენტი ფოთოლი, რომელიც მცენარეული ყლორტის ხლართზეა გამობმული. ორთავე ძეგლეზე ფოთოლი ერთნაირად აცსებს წრეს,რომელსაც ხლართი ქმნის.
       ქართულ ჭედურ ხელოვნებაში დეკორატიული ტენდენციები შუა საუკუნეებში სხვადასხვა სახით ვლინდება. IX  საუკუნეში დეკორატიული ტენდენცია გამოიხატა ხაზის ორნამენტულ, განყენებულ დინებასა და სიუჟეტურ სცენებში,მთელი ამოცანის მონომენტურ–დეკორატიულ გადაწყვეტაში. X-XI საუკუნეები სკლუპტურული ფორმების გამოსახვის ეპოქად გვევლინება. დეკორატიული მიდგომა ექვემდებარება პლასტიკურ გადაწყვეტას და მასთან ერთად განაგრძობს განვითარებას. XI საუკუნის ბოლოდან წყდება სკლუპტურულობის ძიება და ნაწარმოების დეკორატიული გადაწყვეტა მთავარ მომენტად გვევლინება. ამ პერიოდიდან მოყოლებული,წინა პლანზეა წამოყენებული დეკორატიული მხარე, მისი ზედაპირის მთლიანად ორნამენტული დეკორით მორთვა  სრულიად ახლებურ სახეს ღებულობს. კომპოზიციის შექმნის არსებითს ძირითად მხარეს დეკორატიული გადაწყვეტა წარმოადგენს. კომპოზიციაში წამყვან როლს ორნამენტული დეკორი ასრულებს. ადამიანის ფიგურის გამოსახვას ნაკლები ყურადღება ექცევა.ამ პერიოდის ქართველი ოქრომჭედლები  ამჟღავნებენ განსაკუთრებულ მიდრეკილებას კოლორისტული ამოცანებისადმი, დიდი რაოდენობით იყენებენ მინანქარს, ძვირფას ქვებს, მარგალიტსა და სხვა ფერადოვან მახვილებს. დეკორის მრავალფეროვნებით ცდილობენ განსაკუთრებული ეფექტის შექმნას.  XII საუკუნეში გამოხატული ეს ტენდენციები განვითარებას პოვებს XIII საუკუნეშიც.




გამოყენებული ლიტერატურა:
  1. რ. ყენია, ხახულის ღვთისმშობლის ხატის კარედის მოჭედილობა.
  2. თ. საყვარელიძე, ტბეთის ოთხთავის ყდის მოჭედილობა, ძეგლის მეგობარი, 9,თბ., 1967
  3. ა. ჩხარტიშვილი, ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ფრესკა
  4. თ. საყვარელიძე,  ქართული ჭედური ხატები.

No comments:

Post a Comment